ვებ-გვერდი შექმნილია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2017 წელს გამოცხადებულ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებული სამეცნიერო პროექტის „ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული X-XIV საუკუნეების ხუთი ქართული ხელნაწერი წიგნისა და მათი ანდერძ-მინაწერების შესწავლა (ხელნაწერი წიგნების აღწერილობა; ანდერძ-მინაწერების კორპუსი; კოდიკოლოგიური და ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა)“ (YS17_60) ფარგლებში (ახალგაზრდა მეცნიერი – თემო ჯოჯუა).
სამეცნიერო პროექტს ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა:
- ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერ წიგნებსა და მათ ანდერძ-მინაწერებში დაცული ინფორმაცია მაქსიმალური სისრულით შემოსულიყო სამეცნიერო მიმოქცევასა და ელექტრონულ სივრცეში.
- საკვლევი ხელნაწერებისა და მათი ანდერძ-მინაწერების კოდიკოლოგიური და ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი შესწავლის საფუძველზე, მომხდარიყო შესაბამისი ისტორიული და ლიტერატურული პროცესების რეკონსტრუქცია.
სამეცნიერო პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ იყო წარდგენილი და მისსავე ბაზაზე განხორციელდა.
სამეცნიერო პროექტის განხორციელების შედეგად, მომზადდა და დაიბეჭდა წიგნი: „ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები. ხელნაწერთა აღწერილობა შეადგინა, ანდერძ-მინაწერები გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევები დაურთო თემო ჯოჯუამ“.
წიგნი ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერებისადმი მიძღვნილ პირველ მონოგრაფიულ ნაშრომს წარმოადგენს და ორი ტომისაგან შედგება. ორივე ტომის ელექტრონული ვერსია ვებ-გვერდზეა ატვირთული.
გამოვთქვამთ იმედს, რომ სამეცნიერო პროექტის განხორციელების შედეგად შექმნილი წიგნი და ვებ-გვერდი დახმარებას გაუწევს როგორც ძველი ქართული სასულიერო მწერლობის სხვადასხვა დარგებით – ბიბლიოლოგიით, ლიტურგიკითა და ჰიმნოგრაფიით, ისე საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიითა და წმიდა მიწის ქართული კოლონიის თავგადასავალით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, აგრეთვე, ფართო საზოგადოებას.

